დედის წერილი.

ქუჩაში ვნახე დახეული დედის წერილი,
ავკრიფე კრძალვით,უეცარი ვიგრძენი სევდა,
სულ ორი სიტყვა იყო ბედად გადარჩენილი,
არ გაცივდეო - შვილს სწერდა დედა.
არ გაცივდეო! - ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მათში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია,
ო, მე არ ძალმიძს, არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა, ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.
მე შენ მოგმართავ, ვინც დაჰკარგე დედის ბარათი,
შენ, ვინც დადიხარ დედისაგან დალოცვილ გზაზე,
გახსოვდეს მუდამ დედის გული არის მარადი,
და მასზე ტკბილი არავინ გყავს ამ ქვეყანაზე.
მე ამ ლექს ვარქმევ სიტყვებს ბედად გადარჩენილებს
და ვიდრე თვალში ჩაგდგომია სიკვდილის ბინდი
გემუდარები გაუფრთხილდი დედის წერილებს
გემუდარები დედის სათუთ გულს გაუფრთხილდი...

Comments

Popular Posts